ლიფტის გამართული და უსაფრთხო მუშაობა საერთო პასუხისმგებლობაა.
ჩვენი მიზანია მოსახლეობამდე მივიტანოთ ინფორმაცია ლიფტის სწორი ექსპლუატაციისა და სავალდებულო ინსპექტირების საჭიროების შესახებ.
საქართველოში ლიფტით ყოველდღიურად მრავალი ადამიანი სარგებლობს.
უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელმა იცოდეს, ვინ ამოწმებს ლიფტს და როგორ ნაწილდება პასუხისმგებლობა.

მხარი დაუჭირე ლიფტების
მომსახურების სისტემის გაუმჯობესებას.
გაეცანი და მოაწერე ხელი ინიციატივას
მეზობლები

მედიკო
ამხანაგობის თავმჯდომარე
ქალბატონი მედიკო წლებია კორპუსს კურირებს, უყვარს წესრიგი და ძალიან ყურადღებიანი მეზობელია
თუმცა მისთვის ლიფტის კედლების სისუფთავე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზედ უსაფრთხოების სავალდებულო საინფორმაციო სტიკერის გაკვრა.
გივი
სამეზობლოს კოლორიტი
გივი მეზობლებს ცხელ-ცხელ პურს ხშირად სთავაზობს. უყვარს კოლექტივი და სულ უნდა, რომ ლიფტით ყველამ ყოველთვის ერთად იმგზავროს, როგორც ერთიან სამეზობლოს შეეფერება
თუმცა ამასობაში წონის ლიმიტისა და რაოდენობის გათვალისწინება ავიწყდება
კოტიკო
8 წლის ყალთაბანდი ბიჭუნა
კოტიკო ძალიან ცნობისმოყვარეა.
უყვარს მუსიკა, გართობა და ბურთით თამაშისპორტული და მუსიკალური აქტივობების სურვილი ყველაზე ხშირად ლიფტის კაბინაში უჩნდება ხოლმე
მაკუნა
კოტიკოს დედა
მაკუნა შრომისმოყვარე დედა და გულისხმიერი მეზობელია
თუმცა დატვირთული გრაფიკის გამო კოტიკოსთვის ლიფტში მოქცევის წესების სასწავლებლად დრო ჯერჯერობით ვერაფრით გამონახა
რეზო ლიფტიორი
ლიფტის არასერტიფიცირებული ტექნიკოსი
რეზო ჩვენი სამეზობლოს ლიფტს წლებია ერთგულად ემსახურება და კორპუსის ყველა მობინადრეს საბოლოოდ სწორედ მისი პროფესიონალიზმის იმედად რჩება ხოლმე.
თუმცა არსებობს ისეთი სახის ტექნიკური პრობლემები, რაზეც კომპეტენცია ბოლომდე არც მას არ ყოფნის და ამაზე ხშირად ღელავს.
გიორგი
ლიფტის აკრედიტებული ინსპექტორი
გიორგიმ ყველაფერი იცის ძველი და ახალი ლიფტების გამართულობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ.
თუმცა, ახალგაზრდული იერის გამო ჯერჯერობით არავინ უსმენს.
პასუხისმგებლობების დაფა
- გაიგე მეტი: ლიფტის ექსპლუატაციის წესები
ლიფტის ექსპლუატაციის წესები
ლიფტის პატრონმა რა ქნას და რა არ ქნას?
- გაიგე მეტი: ვინ არის ლიფტის პატრონი?
ვინ არის ლიფტის პატრონი?
ვისზე გადის პასუხისმგებლობის ჯაჭვი კანონმდებლობით?
- გაიგე მეტი: ლიფტის უსაფრთხოების სტანდარტები
ლიფტის უსაფრთხოების სტანდარტები
გაეცანით ძირითად სტანდარტებს, რომლებიც თითოეულ ლიფტში აუცილებლად უნდა იყოს უზრუნველყოფილი
- გაიგე მეტი: კანონმდებლობა და რეგულაციები
კანონმდებლობა და რეგულაციები
მიიღეთ ინფორმაცია საკანონმდებლო მოთხოვნებს, სავალდებულო ინსპექტირების ვადებსა და პასუხისმგებლობების გადანაწილებაზე
როგორ შევარჩიოთ აკრედიტებული/კომპეტენტური კომპანიები და სერტიფიცირებული ტექნიკოსები?
ლიფტების ინსპექტირებისთვის შეარჩიეთ A ტიპის ორგანო, რომელიც აკრედიტებულია სსტ ისო/იეკ 17020:2010-ის მოთხოვნების შესაბამისად;
სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი“ (https://gac.gov.ge);
სად ხდება ლიფტის რეგისტრაციისა და ინსპექტირების სტატუსის გადამოწმება?
ინფორმაციისთვის მიმართეთ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს.
ვის დავუკავშირდე, თუ ლიფტი გაფუჭდა?
პირველ რიგში – ტექნიკური მომსახურების კომპანიას, რომლის დასახელება და ნომერი კაბინაში უნდა იყოს გამოკრული, და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეს. თუ ადამიანი კაბინაშია გაჭედილი, გამოიყენეთ კაბინის ორმხრივი კავშირის ღილაკი და დაელოდეთ მომსახურე პერსონალს; სიცოცხლისთვის საშიში სიტუაციისას დარეკეთ 112-ზე. კარების ძალით გაღებას ან კაბინიდან დამოუკიდებლად გამოსვლას ნუ შეეცდებით.
ვინ არის პასუხისმგებელი ლიფტის შეკეთებაზე?
ლიფტის ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაზე პასუხისმგებელია მფლობელი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ ტექნიკური მომსახურება. უშუალო სარემონტო სამუშაოებს ასრულებს მომსახურე კომპანია ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო ახალ ლიფტზე პასუხისმგებლობის ნაწილი შეიძლება დამამზადებელსა და მემონტაჟეს ეკისრებოდეთ.
როგორ გავიგო შემოწმებულია თუ არა ლიფტი?
ლიფტის რეგისტრაციისა და ინსპექტირების სტატუსი შეგიძლიათ გადაამოწმოთ TCSA-ს ობიექტების უწყებრივ რეესტრში: https://tcsa.gov.ge/objectregistry. ასევე მოითხოვეთ ამხანაგობის თავმჯდომარისგან ბოლო ინსპექტირების ანგარიში და სერტიფიკატი. ზოგიერთი ინსპექტირების ორგანო კაბინაში სპეციალურ სტიკერს ათავსებს ინსპექტირების თარიღითა და მოქმედების ვადით.
რამდენ წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს ინსპექტირება?
გეგმური სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება ტარდება არანაკლებ ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ. ამის გარდა, ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს სტატიკური და დინამიკური გამოცდები (№446 ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლი). ავარიის, ინციდენტის, საჩივრის ან საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში დაინიშნება რიგგარეშე ინსპექტირებაც.
რა უსაფრთხოების მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს ლიფტმა?
№446 ტექნიკური რეგლამენტი ადგენს, რომ ლიფტს უნდა ჰქონდეს: უწყვეტი ორმხრივი კავშირის საშუალება და საავარიო განათება, რომლებიც ჩვეულებრივი ელექტრომომარაგების გარეშეც მუშაობს; კაბინის თავისუფალი ვარდნისგან დამცავი მოწყობილობა და სიჩქარის შემზღუდველი; კარების ბლოკირება, რომელიც გამორიცხავს კაბინის მოძრაობას ღია კარით; დატვირთვის გადაჭარბებისას მოძრაობის აკრძალვა; ამორტიზატორები; კაბინაში ტვირთამწეობისა და მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობის მაჩვენებელი ფირნიში, განათება და ვენტილაცია. მფლობელმა ასევე უნდა უზრუნველყოს ექსპლუატაციის ინსტრუქციის ხელმისაწვდომობა და მგზავრების დროული გათავისუფლება.
რამდენია ჯარიმა ლიფტის შეუმოწმებლობაზე?
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობისთვის – 500 ლარი, განმეორებით ჩადენისას – 1000 ლარი (კოდექსის 35-ე მუხლი). ინსპექტირების სერტიფიკატის გარეშე (ფარულად) ექსპლუატაციისთვის – 500 ლარი, განმეორებით – 1000 ლარი (32-ე მუხლი). ავარიის ან უბედური შემთხვევის შეუტყობინებლობისთვის – 200 ლარი (24 საათი) და 400 ლარი (72 საათი) (38-ე მუხლი).
ვინ იხდის ლიფტის მომსახურებისა და ინსპექტირების ხარჯს?
ხარჯს ფარავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, ანუ ბინების მესაკუთრეები, საერთო ქონების მოვლის ფარგლებში. ხელშეკრულებაში წინასწარ გაითვალისწინეთ სავალდებულო სამწლიანი ინსპექტირების ხარჯიც, რათა ეს საკითხი ყურადღების მიღმა არ დარჩეს.
რა უნდა ვქნა, თუ ლიფტში გავიჭედე?
შეინარჩუნეთ სიმშვიდე, არ შეეცადოთ კარების ძალით გაღებას ან კაბინიდან დამოუკიდებლად გამოსვლას. გამოიყენეთ ორმხრივი კავშირის ღილაკი, შეატყობინეთ მომსახურე კომპანიას და დაელოდეთ პერსონალს; საჭიროების შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
რას ნიშნავს ინსპექტირების შედეგები და რა ხდება ხარვეზის გამოვლენისას?
შეუსაბამობები სამ ჯგუფად იყოფა: არაარსებითი, არსებითი (I ან II ხარისხი) და კრიტიკული (I ან II ხარისხი). არსებითი შეუსაბამობისას მფლობელს ეკისრება ჯარიმა და ეძლევა გონივრული ვადა გამოსასწორებლად; კრიტიკული შეუსაბამობისას TCSA უფლებამოსილია შეაჩეროს ლიფტის ექსპლუატაცია სრულად ან ნაწილობრივ. სრული შესაბამისობისას გაიცემა ინსპექტირების სერტიფიკატი.
ლიფტი ხმაურობს, ირყევა ან კარი უმართავად იხურება – საშიშია?
ასეთი ნიშნები გაუმართაობაზე მიუთითებს და დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მომსახურე კომპანიასა და ამხანაგობის თავმჯდომარეს. ის, რომ ლიფტი ჯერ კიდევ მოძრაობს, უსაფრთხოების გარანტია არ არის.
რა განსხვავებაა ტექნიკურ მომსახურებასა და ინსპექტირებას შორის?
ტექნიკურ მომსახურებას რეგულარულად ახორციელებს მომსახურე კომპანია – ის ამოწმებს, არეგულირებს და არემონტებს ლიფტს. ინსპექტირებას კი ატარებს დამოუკიდებელი აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო, რომელიც აფასებს ლიფტის შესაბამისობას უსაფრთხოების მოთხოვნებთან. ინსპექტირების ორგანო მომსახურე კომპანიისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს და ინტერესთა კონფლიქტი არ უნდა ჰქონდეს.
როგორ გავარკვიო, დარეგისტრირებულია თუ არა ჩვენი ლიფტი?
ლიფტი ექსპლუატაციაში გაშვებამდე უნდა დარეგისტრირდეს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივ რეესტრში. რეგისტრაციის შემოწმება შესაძლებელია TCSA-ს პორტალზე, ხოლო ადრე რეგისტრირებული ლიფტების შესახებ ინფორმაცია საჯაროა და განცხადების საფუძველზე გაიცემა. https://tcsa.gov.ge/objectregistry
ვის მივმართო, თუ ამხანაგობა ვალდებულებებს არ ასრულებს?
პირველ ეტაპზე საკითხი ამხანაგობის კრებაზე უნდა დადგეს წერილობით. თუ ლიფტი ინსპექტირებულია და უსაფრთხოების მოთხოვნები ირღვევა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია განცხადებით მიმართოს TCSA-ს – ეს სააგენტოს მიერ ტექნიკური ინსპექტირების ჩატარების საფუძველია.
