კანონმდებლობა და რეგულაციები

მიიღეთ ინფორმაცია საკანონმდებლო მოთხოვნებს, სავალდებულო ინსპექტირების ვადებსა და პასუხისმგებლობების გადანაწილებაზე

ლიფტების უსაფრთხოების საკანონმდებლო რეგულაციები:

ლიფტი კომპლექსური მექანიზმის მქონე სატრანსპორტო საშუალებაა, რომლის ნებისმიერმა ტექნიკურმა ხარვეზმა შესაძლოა პირდაპირი საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

სწორედ ამიტომ, მოქმედი კანონმდებლობა მას მიაკუთვნებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტთა კატეგორიას, სადაც სახელმწიფო რეგულაციების მთავარი მიზანი ავარიული შემთხვევების თავიდან აცილება, უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა და პროცესში ჩართული მხარეების პასუხისმგებლობების მკაფიო გადანაწილებაა.

ამ სფეროს ძირითად მარეგულირებელ ჩარჩოს ქმნის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, რომელთან ერთადაც მოქმედებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებები და ტექნიკური რეგლამენტები.

კანონმდებლობა განსაზღვრავს ზღვრულ პარამეტრებს, რომელთა მიხედვითაც ექცევა ლიფტი სპეციალური ზედამხედველობის ქვეშ.

№446 ტექნიკური რეგლამენტის („ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილება) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რეგლამენტი ვრცელდება ლიფტზე, რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

  • არის 180 კგ-ის და მეტი ნომინალური ტვირთამწეობის მუდმივად დამონტაჟებული ლიფტი;
  • ემსახურება შენობებისა და ნაგებობების სართულებს;
  • აქვს კაბინა, რომელიც მოძრაობს უძრავად დამაგრებული და ჰორიზონტალური სიბრტყისადმი 15°-ზე მეტად დახრილი მიმმართველების გასწვრივ;
  • განკუთვნილია ადამიანების გადასაყვანად, ადამიანებისა და ტვირთების გადასაზიდად, ან ტვირთის გადასაზიდად მაშინ, როცა გამყოლს კაბინაში თავისუფლად შესვლა შეუძლია და კაბინა შიგნიდან მართვის ინსტრუმენტებითაა აღჭურვილი.

რეგლამენტი ვრცელდება განსაზღვრული მიმართულებით მოძრავ ლიფტზეც, მათ შორის მაშინ, როდესაც იგი არ მოძრაობს უძრავად დამაგრებული მიმმართველების გასწვრივ (მაგალითად, მაკრატელა ლიფტი).

ამავე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს გამონაკლისებს: რეგლამენტი არ ვრცელდება ლიფტებზე, რომელთა სიჩქარე 0,15 მ/წმ-ს არ აღემატება; სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოსაყენებელ ლიფტებზე; საპოლიციო ან/და სამხედრო მიზნებისთვის სპეციალურად წარმოებულ, განსაკუთრებული კონსტრუქციის ლიფტებზე; სამუშაოს შესასრულებლად განკუთვნილ სპეციალურ ლიფტებზე; შახტის ლიფტებზე; სცენაზე გამოსაყენებელ ლიფტებზე; სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებულ ლიფტებზე; მანქანა-მოწყობილობასთან მიერთებულ ლიფტებზე, რომლებიც მხოლოდ სამუშაო ადგილამდე მისაღწევადაა განკუთვნილი; კბილა ლარტყისა და კბილანების დახმარებით გადაადგილებად ლიფტებზე.

შესაბამისად, ტვირთამწეობის 180 კგ-იანი ზღვარი დამოუკიდებლად საკმარისი ნიშანი არ არის – მნიშვნელოვანია ლიფტის დანიშნულება, მოძრაობის წესი და ზემოთ ჩამოთვლილი გამონაკლისები. ამიტომ ნებისმიერი 180 კგ-ზე მეტი ტვირთამწეობის ამწე მოწყობილობა ავტომატურად ამ კატეგორიაში არ ხვდება.

უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემა ორ ძირითად პრინციპს ემყარება:

  1. ლიფტი არ უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში სათანადო სტანდარტების დაკმაყოფილების გარეშე
  2. ლიფტმა უნდა შეინარჩუნოს ეს უსაფრთხოება გამოყენების მთელი ვადის განმავლობაში. ამ მიზნით, დადგენილია, რომ ლიფტმა ყოველ სამ წელიწადში ერთხელ უნდა გაიაროს გეგმური ტექნიკური ინსპექტირება, ხოლო ყოველწლიურად ჩაუტარდეს სტატიკური და დინამიკური გამოცდები.

პასუხისმგებლობათა ჯაჭვი

უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში პასუხისმგებლობა გადანაწილებულია რამდენიმე სუბიექტს შორის:

  • დამამზადებელი და მემონტაჟე – აგებენ პასუხს ობიექტის სწორ დაპროექტებაზე, დამზადებაზე, დამონტაჟებასა და პირველად გამართულობაზე.
  • ლიფტის მფლობელი (ან მმართველი სუბიექტი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა / მობინადრეები) – ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ პასუხისმგებელია ლიფტის ყოველდღიურ უსაფრთხო ექსპლუატაციაზე. იგი ვალდებულია დაარეგისტრიროს ობიექტი უწყებრივ რეესტრში, უზრუნველყოს კვალიფიციური ტექნიკური მომსახურება, მოახდინოს პერიოდული ინსპექტირების ორგანიზება და უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციებში მგზავრების უსაფრთხო გათავისუფლება. ეს ვალდებულებები არ აუქმებს დამამზადებლის, მემონტაჟის, მომსახურე კომპანიისა და ინსპექტირების ორგანოს პასუხისმგებლობას – თითოეული მათგანი თავისი ფუნქციის ფარგლებში პასუხს აგებს და ეს მოვალეობები ერთმანეთის პარალელურად მოქმედებს („პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“).
  • დამოუკიდებელი აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოები – ადგილზე ამოწმებენ ობიექტის ტექნიკურ მდგომარეობას და ადგენენ მის შესაბამისობას უსაფრთხოების ნორმებთან.
  • სახელმწიფო (სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო) – ახორციელებს საერთო სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს.

წესების დარღვევის, ინსპექტირების ჩაუტარებლობის ან ავარიის შესახებ შეუტყობინებლობის შემთხვევაში კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამის ადმინისტრაციულ სანქციებსა და ჯარიმებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სისტემის გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირება.

ინფორმაცია ჯარიმებზე

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობა:

  • პირველ ჯერზე – 500 ლარი;
  • განმეორებით ჩადენის შემთხვევაში – 1000 ლარი

ავარიის ან უბედური შემთხვევის შეუტყობინებლობა:

ლიფტზე მომხდარი ავარიის ან უბედური შემთხვევის შესახებ შეუტყობინებლობა ითვალისწინებს ჯარიმას „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 38-ე მუხლის შესაბამისად (იხ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/1659419):

  • 24 საათის განმავლობაში შეუტყობინებლობა 200 ლარით
  • 72 საათის განმავლობაში შეუტყობინებლობა 400 ლარით ჯარიმდება.

შეტყობინების ვალდებულება დადგენილია ამავე კოდექსის 23-ე მუხლით: ობიექტის მფლობელი ვალდებულია ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით.