ვინ არის ლიფტის პატრონი?

ვისზე გადის პასუხისმგებლობის ჯაჭვი კანონმდებლობით?

ლიფტი საერთო პასუხისმგებლობაა

მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ვინ აგებს პასუხს ლიფტის უსაფრთხოებაზე.
თუმცა, ლიფტი საერთო პასუხისმგებლობაა და მის გამართულად და უსაფრთხოდ მუშაობაში ყველა რგოლს თავისი როლი აქვს, ესენია:

  • მწარმოებელი / მემონტაჟე კომპანია:
    • პასუხისმგებელია, რომ ლიფტი თავიდანვე სწორად იყოს დაპროექტებული, დამზადებული, დამონტაჟებული და გამოცდილი
    • ვალდებულია, უზრუნველყოს ტექნიკური და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის №289 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ლიფტის უსაფრთხოების შესახებ“ შესაბამისად (იხ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/1437745).
  • ლიფტის მფლობელი (მობინადრეები / ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა):
    • პასუხისმგებელია ლიფტის ყოველდღიურ უსაფრთხო ექსპლუატაციასა და ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაზე.
    • ვალდებულია, უზრუნველყოს კვალიფიციური მომსახურება, პერიოდული სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება (3 წელიწადში ერთხელ) და ობიექტის რეგისტრაცია უწყებრივ რეესტრში.
    • ვალდებულია უზრუნველყოს ინსტრუქციების ხელმისაწვდომობა, საავარიო ნომრის გამოკვრა და ავარიულ შემთხვევაში მგზავრების დროული გათავისუფლების ორგანიზება.
  • ინსპექტირების ორგანო:
    • აკრედიტებული, დამოუკიდებელი ინსპექტირების ორგანო ახორციელებს ლიფტის ადგილზე შემოწმებას და აფასებს უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობას
    • ადგენს ინსპექტირების ანგარიშს, აფიქსირებს შეუსაბამობებს და სრული შესაბამისობისას გასცემს ინსპექტირების სერტიფიკატს.
    • ვალდებულია იყოს დამოუკიდებელი და არ ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტი მფლობელთან ან მემონტაჟესთან.
  • სახელმწიფო სტრუქტურა:
    ლიფტების უსაფრთხოების რეგულირებასა და კონტროლში სახელმწიფოს (კერძოდ – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს – TCSA) რამდენიმე ფუნქცია აქვს, ესენია:

    1. უსაფრთხოების ნორმებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება
      • რა ტიპის ლიფტი ითვლება მომეტებული საფრთხის ობიექტად;
      • რა უსაფრთხოების მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს ახალმა ლიფტმა;
      • როგორ უნდა განხორციელდეს ლიფტის ექსპლუატაცია;
      • რამდენ წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს ინსპექტირება;
      • რა ითვლება არაარსებით, არსებით ან კრიტიკულ შეუსაბამობად.
    2. ობიექტების რეგისტრაცია – აწარმოებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივ რეესტრს.
    3. რისკზე დაფუძნებული ინსპექტირება,
    4. ინსპექტირების ორგანოების მიერ ჩატარებული ტექნიკური ინსპექტირების შედეგების დოკუმენტური კონტროლი,
    5. დარღვევებზე რეაგირება – პასუხისმგებლობებისა და ჯარიმების დაკისრება (მაგ. ინსპექტირების ჩაუტარებლობაზე 500-დან 1000 ლარამდე).